ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და ეროვნული სასამართლოების როლი.

jh

 

უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების ადამიანის უფლებათა ცენტრმა მოამზადა კვლევა სახელწოდებით – ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებათა აღსრულება და ეროვნული სასამართლოების როლი. 

წინამდებარე კვლევა მიზნად ისახავს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების პროცესის გაანალიზებასა და აღნიშნულ პროცესში ეროვნული სასამართლოების როლის მიმოხილვას. კვლევა თემატურად ორი ძირითადი ნაწილისგან შედგება. პირველი ნაწილი ეხება ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულების პროცედურას და მასთან დაკავშირებულ საკითხებს, ხოლო მეორე ნაწილი ეთმობა სტრასბურგის სასამართლოს დარღვევის დამდგენი გადაწყვეტილების/განჩინების საფუძველზე ეროვნულ დონეზე განახლებული საქმეების შესწავლის შედეგად გამოვლენილ ტენდენციებს.

კვლევის ფარგლებში შესწავლილი და გაანალიზებული იქნა ბოლო წლების განმავლობაში განახლებული საქმის წარმოების ფარგლებში მიღებული 10-ზე მეტი გადაწყვეტილება, მათ შორის როგორც პირველი ინსტანციის, ასევე სააპელაციო და უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები. საკვლევი მასალის შეგროვება მოხდა სასამართლოებისთვის წერილობითი მიმართვის საფუძველზე. 

კვლევის დანიშნულებაა, ერთი მხრივ, წარმოაჩინოს სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე ეროვნულ დონეზე საქმის ხელახლა განხილვის საუკეთესო მაგალითები და სანიმუშო დასაბუთებები და, მეორე მხრივ, მოახდინოს იმ საკვანძო საკითხების იდენტიფიცირება, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ.

http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/adamianis-uflebata-evropuli-sasamartlos-gadawyvetilebata-agsruleba-da-erovnuli-sasamartloebis-roli.pdf

გამოიცა სახელმძღვანელო ,,თავშესაფრის მაძიებელთა შესახებ საქმეების ანალიზი საქართველოს ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში“

yy

 

წინამდებარე ნაშრომი მომზადებულია საქართველოს უზენაესი სასამართლოს ანალიტიკური განყოფილების კვლევისა და ანალიზის ცენტრის მიერ გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის (UNHCR) საქართველოს წარმომადგენლობასთან მჭიდრო თანამშრომლობის ფარგლებში.

საერთაშორისო დაცვაზე მოთხოვნასთან მიმართებით, დამოუკიდებელ მართლმსაჯულების სისტემას ენიჭება ფუნდამენტური როლი განმარტოს ეროვნული კანონმდებლობა ლტოლვილთა დაცვის საერთაშორისო დოკუმენტების შესაბამისად. ამ მხრივ, უნდა აღინიშნოს, რომ საკანონმდებლო ჩარჩოს საერთაშორისო სტანდარტებთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით, 2016 წელს საქართველოს პარლამენტმა მიიღო ახალი კანონი `საერთაშორისო დაცვის შესახებ”, რომლითაც მკაფიოდ განისაზღვრა ამ სფეროსთვის დამახასიათებელი ყველა მნიშვნელოვანი ტერმინი და პროცედურა.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, წინამდებარე ნაშრომის მიზანია წარმოაჩინოს ახალი საკანონმდებლო რეგულაციების ფონზე საერთო სასამართლოების პრაქტიკის განვითარება და თავშესაფრის მინიჭების შესახებ საქმეებში საერთაშორისო სტანდარტების ასახვის შეფასება. ამდენად, ნაშრომში ვრცლად არის მიმოხილული ამ მიმართულებით არსებული საერთაშორისო სტანდარტები და მათი ასახვის პრაქტიკა საერთო სასამართლოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებში.

კვლევაში ეროვნული სასამართლო პრაქტიკის თვალსაჩინოებისთვის უხვად არის ციტირებული `საუკეთესო პრაქტიკიდან’’ შესაბამისი ამონარიდები.

კვლევაში ნათლად არის ჩამოყალიბებული ის ძირითადი მიგნებები, რომლებიც გამოიკვეთა ეროვნულ სასამართლო პრაქტიკაში, ამასთან იდენტიფიცირებული გამოწვევების კვლადაკვალ ამგვარი კატეგორიის საქმეებზე სამართალწარმოების სრულყოფისა და გაუმჯობესების მიზნით, გაეროს ლტოლვილთა უმაღლესი კომისარიატის მიერ შემუშავებულ სახელმძღვანელო დოკუმენტებზე დაყრდნობით, ნაშრომში შემოთავაზებულია შესაბამისი რეკომენდაციები. დამატებით, კვლევაში უხვად არის წარმოდგენილი მოსამართლეებისთვის საკითხის სწორად და მარტივად შეფასებისთვის საჭირო შესაბამისი თემატური საკონტროლო სიები.

 

http://www.supremecourt.ge/files/upload-file/pdf/tavshesafris-maziebelta-shesaxeb-saqmeebis-analizi.pdf